თბილისის შესახებ


თბილისი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ქალაქი დაფუძნდა მე-5 საუკუნეში, ხოლო საქართველოს დედაქალაქად იქცა მე-6 საუკუნეში. თავისი მდიდარი ისტორიისა და ეთნიკური მრავალფეროვნების წყალობით თბილისში შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა არქიტექტურული სტილის შენობები. ქალაქის ცენტრში ბევრი თანამედროვე პროსპექტი და ძველებური ვიწრო ქუჩაა. ტურისტებისათვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს შუა საუკუნეების უბანი. თბილისში მოქმედებს როგორც ქრისტიანული ეკლესიები, ასევე მეჩეთები და სინაგოგები, რომლებიც გვერდიგვერდ მდებარეობენ. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს თბილისური ტოლერანტობის მაღალ დონეზე.

ქალაქში დიდი რაოდენობით არის ბარ-რესტორნები და ფეშენებელური სასტუმროები, თუმცა არც იაფი საცხოვრებელის შოვნა წარმოადგენს პრობლემას. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული სამზარეულო და მიირთვათ ყავა. მრავალრიცხოვანი კლუბების წყალობით ცხოვრება მუდამ აქტიურ რეჟიმშია, მსურველებს ყოველთვის შეუძლიათ გაერთონ ღამითაც. თბილისის ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობათა შორის უნდა აღინიშნოს ნარიყალას ციხე-სიმაგრე, სიონის ტაძარი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ვორონცოვის სასახლე, სამების საკათედრო ტაძარი, ეროვნული მუზეუმი და მრავალი სხვა. გარდა ამისა, ქალაქის უკეთ გაცნობის მიზნით ტურისტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში.                                                           Top 10 tbilisi ;     Top 20 tbilisi

 

ძველი თბილისი

ქალაქის ძირითადი ღირშესანიშნაობები სწორედ ძველ თბილისშია თავმოყრილი. ეს უბანი ასევე გამოირჩევა აბანოთუბნით - დღემდე მოქმედი გოგირდის აბანოებით; შარდენის ქუჩითა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებით, სადაც განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები და გალერეები.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

სამება ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარია საქართველოში. საკათედრო ტაძრის კომპლექსი
მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისაგან შედგება და აერთიანებს 9 ეკლესიას, სხვადასხვა
დამხმარე შენობებს და ულამაზეს ბაღს.


ნარიყალა

ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც ძველი თბილისის ყოველი კუთხიდან მოჩანს, IV -XVI საუკუნეებში წარმოადგენდა თავდაცვით ნაგებობას ადგილობრივი მმართველებისთვის.

გაბრიაძის თეატრი

პირველი ქართული მარიონეტული თეატრია თბილისში, რომელიც 1980 წელს დაარსდა. თეატრის შესასვლელთან საათის კოშკია, საიდანაც 12 საათზე მექანიკური თოჯინები წუთნახევრიან წარმოდგენას მართავენ.

მის.: შავთელის ქ. #13

რუსთაველი და თავისუფლების მოედანი

რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნიდან იწყება და ქალაქის ცენტრად მოიხსენიება - აქ მდებარე მნიშვნელოვანი სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნეს დაწესებულებების სიმრავლის გამო.

ხელოვნების მუზეუმი

ხელოვნების მუზეუმის “საგანძურში” გამოფენილია წინაქრისტიანული ხანის უნიკალური არქეოლოგიური მასალა, ქრისტიანული ხანის ქართული ოქრომჭედლობის შედევრები (VII-XIX სს.), ხატები, ჯვრები, ტიხრული მინანქრის კოლექცია და ქართული ნაქარგობის უნიკალური ნიმუშები.

ფუნიკულიორი

თბილისის ფუნიკულიორი მსოფლიოს სამთო-საბაგირო გზებს შორის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ნაგებობაა. საბაგირო რკინიგზას მთაწმინდის პლატოზე მდებარე კულტურისა და დასვენების კომპლექსთან მივყავართ. აქვეა „ბომბორა“ - ქალაქის ყველაზე დიდი გასართობი პარკი.

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს მუზეუმი 1919 წელს დაარსდა და მის ფონდებში დაცულია ბუნებისა და კაცობრიობის ისტორიის უნიკალური მასალა: 40 მილიონი წლით დათარიღებული ცხოველთა ნაშთები, პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს, ლითონის ხანათა და შუასაუკუნეების არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კოლექციები.

მის.: შოთა რუსთაველის გამზირი # 3

 მშრალი ხიდი

„მშრალი ხიდი“ ცნობილია სურათების გამოფენა-გაყიდვით, ანტიკვარიატის ბაზრობითა და „საბროკერო ბირჟით“.

 

აღმაშენებლის გამზირი

თბილისის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქუჩა. აქ შეხვდებით ძველ არქიტექტურულ ნაგე- ბობებს, მოხატულ სადარბაზოებს და გამორჩეულ ორნამენტებს.

 

   

პარტნიორები